გიორგი გახარია სამხრეთის გაზის დერეფნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას აფასებს

საქართველო, რომლის ტერიტორიაზე გაივლის სამხრეთ-კავკასიური მილსადენი, ყოველწლიურად გატარებული გაზის 5%-ს მიიღებს
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. შაჰ-დენიზის საბადოდან (TANAP-ის რესურს-ბაზა) ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო - ეს ენერგოუსაფრთხოების კუთხით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველო აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს ფასდაკლებით შეიძენს >>

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დერეფანი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალ მარშრუტებს რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას.

 „გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის შვიდი ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება“, - განაცხადა გახარიამ.
„ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს” - გახარია საქართველოს როლზე TANAP–ში

პრემიერის თქმით, საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტიდან გაზს შეღავათიან ფასებში – საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ იაფად მიიღებს. ოფციონური კონტრაქტი საშუალებას აძლევს ქვეყანას, ყოველწლიურად გატარებული ტრანზიტული გაზის მოცულობის 5%-მდე მიიღოს. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი კონტრაქტის წყალობით, საქართველო 2026 წლამდე ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სამხრეთის გაზის დერეფნის პოლიტიკური ეფექტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

„თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა – ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში – ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში“, - აღნიშნა გახარიამ.

გაზის სამხრეთის დერეფანი წარმოადგენს მილსადენების სისტემას, რომლითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი „შაჰ-დენიზის“ საბადოდან თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება. აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება იგეგმება სამხრეთ კავკასიის გაზსადენით, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ტრანსანატოლიური მილსადენით, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, ასევე ტრანსადრიატიკული მილსადენით, რომელიც საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებზე გადის.