დღეს ღამე გადაადგილების შეზღუდვა იხსნება

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, საახალწლო დღეებში სიფრთხილე გამოიჩინონ და რეკომენდაციები დაიცვან
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს 21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იხსენება.

გამონაკლისის სახით, ახალი წლის ღამეს შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილებაზე.

გახარია: შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია განხილული იყოს 1 თებერვლიდან

აღსანიშნავია, რომ 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის მასშტაბით კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალი წლისა და  შობის ღამეები იქნება.

ეპიდემიოლოგები და  საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებენ, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ. ამ დროისათვის, სავაჭრო ცენტრები, შეზღუდვების შემსუბუქების გამო, დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე ღიაა.