თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ვაქცინაცია გაზაფხულზე უნდა დაიწყოს, თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს, დრო დასჭირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვიდეომიმართვაში.
საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. მსოფლიოში უკვე შეიქმნა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ უკვე მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში ვაქცინას გაზაფხულზე ელოდებიან.
„ვაქცინაცია პირველ ეტაპზე არ იქნება ის ღონისძიება, რომლითაც შევძლებთ მაქსიმალურად ჩქარა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ვაქცინაციას დრო სჭირდება, რადგან მან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა მოიცვას. ვაქცინის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ პირბადე და დისტანცია ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, კაცობრიობა შეძლებს ვირუსის დამარცხებას და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
„იმედი მაქვს, მომავალი წელი პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება და კაცობრიობა შეძლებს, პანდემია დაამარცხოს და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს სამედიცინო სფერო გაუძლო პანდემიის შემოტევას, თუმცა შეცდომების იყო დაშვებული.
„ჩვენ გავუძელით. იყო ხარვეზები, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, მაგრამ რეალურად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო. ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ, პანდემიამ შეიწირა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მან მოსახლეობას რეკომენდაციის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„იმ შეზღუდვებმა, რომელიც ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან განხორციელდა, მოგვცა ის შედეგი, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, დაიწყო ინფიცირებულთა კლება, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საფუძველს. წინ გვაქვს ახალი წელი, რომელიც ჩვეულებრივი ვერ იქნება, რადგან ქვეყანას ასეთი დიდი მსხვერპლი აქვს, ბევრ ოჯახში პრობლემებია, აქედან გამომდინარე მე ვთხოვ მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნეთ ეს დღე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 227 420-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211.727-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.505-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.