თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალ წელს კორონავირუსზე მინიმუმ მილიონი ადამიანი აიცრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველომ ჯანმოსგან მიიღო გარანტიები, რომ ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას. მის შესაძენად თანხები უკვე გამოყოფილია.
„ჩვენ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელსაც დაამტკიცებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება 5-6. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს უფრო ადრე იანვარ-თებერვალში, ე.წ. ორმხრივი მოლაპარაკებებით მწარმოებლებთან, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაქცინების გარკვეული დოზები. ჩვენთან დაახლოებით საუბარია 200-300 ათას დოზაზე... უნდა ვეცადოთ მომავალ წელს სულ მინიმუმ დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოსთვის ვაქცინის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინაციის დეტალური გეგმა უკვე შეიმუშავა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლინდა 227 420 ინფიცირების შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 211 727 პაციენტი, გარდაიცვალა - 2 505.