თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) სხვადასხვა სერვისი 3-დან 15 იანვრის ჩათვლით იზღუდება, განუცხადეს Sputnik საქართველოს“ უწყებაში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრამდე დასვენების დღეები ცხადდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოცხადებული უქმე დღეების გამო სეს–ი მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე.
„მომსახურების გაწევა მოხდება შემდეგ სერვისებზე: ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა, ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას“, - აცხადებენ უწყებაში.
სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების შენობების შესასვლელთან თვალსაჩინო ადგილას განთავსდება მომსახურებების ჩამონათვალი, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ უქმე დღეებში, ასევე სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომერი, რომელზეც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, დარეკოს ან გააგზავნოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებს, მათ შორისაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია. პანდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, უშუალო კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო დაწესებულებები თუ კერძო ორგანიზაციები მოქალაქეებს მომსახურებას ხშირ შემთხვევაში ონლაინ უწევენ.