თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
როგორც რატიანმა აღნიშნა, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და მის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შემდეგ შეიტყო.
„მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-ტესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ“, - განაცხადა რატიანმა.
საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 224.155 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 208.951 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2.443 გარდაიცვალა.