ხორვატიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა: პრემიერმა შედეგები შეაფასა

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ, ასეულობით მოქალაქეს დროებითი განთავსება შესთავაზეს
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ხორვატიაში ქალაქ პეტრინიას ცენტრი, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ნაწილობრივ დანგრეულია, განაცხადა პრემიერმა ანდრეი პლენკოვიჩმა.

ხორვატიაში 12:20 საათზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში - ქალაქ პეტრინიას რაიონში მდებარეობდა. მთავრობის მეთაური ანდრეი პლენკოვიჩი და პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მინისტრებთან ერთად ამ ქალაქში გაემგზავრნენ.

„ამჟამად ყველა სამსახური დანგრეულ ობიექტებში ეძებენ, ხომ არ დარჩა ვინმე ნანგრევების ქვეშ... პირველადი შეფასებით, პეტრინიას ცენტრის დიდი ნაწილი „წითელ ზონაში“ მოექცა, ანუ ცხოვრებისთვის გამოუსადეგარია“, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ყაზარმაში უზრუნველყოფილია 500 ადგილი იმ ადამიანების ღამის გასათევად, ვისაც საკუთარ სახლში დაბრუნება არ შეუძლია, კიდევ 100 ადგილი არის სასტუმროში. მთავრობა ცდილობს უზრუნველყოს განთავსება ყველა ადამიანს, ვინც უსახლკაროდ დარჩა, აღნიშნა მან.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, პეტრინიაში დაიღუპა 12 წლის გოგონა. მედიაში იტყობინებიან, რომ ახლომდებარე ქალაქ სისაკის საავადმყოფოში გადაყვანილია 20 ადამიანი, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ. თუმცა თავად საავადმყოფო მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა და მიმდინარეობს პაციენტების ევაკუაცია და აღჭურვილობის გამოტანა რამდენიმე განყოფილებიდან, ამიტომ აღნიშნული რიცხვი ოფიციალურად არ დასტურდება.

ახლახან ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.