თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა

მოსახლეობასთან ერთად ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) იზრდება.

ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის საკითხი დღეს სემეკის სხდომაზე გადაწყდა. კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დედაქალაქში მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1 იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.

კერძოდ, „თელასის“ ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (დღგ-ის ჩათვლით) შემდეგი იქნება:

  • 100 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი – 18.041 თეთრი, 
  • 101 კვტ/სთ-დან 300 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 22.053 თეთრი,
  • 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 26.537 თეთრი.

მოსახლეობასთან ერთად ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

გახარია: წყლის გაზრდილ ტარიფს სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს>>

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც ასევე 3,5 თეთრით იზრდება.

კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ის ჩათვლით) შემდეგი იქნება:

  • 100 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი – 17.731 თეთრი, 
  • 101 კვტ/სთ-დან 300 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 21.707 თეთრი,
  • 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 26.227 თეთრი.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ამ შემთხვევაშიც ტარიფი საშუალოდ 11 თეთრით გაიზარდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს. კერძოდ, გაზრდილი ტარიფი სრულად დაიფარება ელექტროენერგიის თვეში 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის.