დავითაშვილი: ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის გამო სურსათი არ გაძვირდება

პურის ფასი მარტამდე შენარჩუნდება, შემდეგ მიმდინარე პროგნოზებიდან გამომდინარე ახალი ფასი განისაზღვრება, განაცხადა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფის გაზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების მომატებაზე არ აისახება, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

1 იანვრიდან საქართველოში იმატებს ტარიფი ელექტროენერგიაზე, მათ შორის საწარმოებისა და კომერციული ობიექტებისათვის. ასევე თბილისში, მცხეთასა და რუსთავში იზრდება ტარიფი წყალზე.

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა

„რაც პირველადი მოხმარების სურსათია, სახელმწიფომ ამის იდენტიფიცირება მოახდინა, ბუნებრივია, ყველაფრის სუბსიდირებას ვერ გავაკეთებთ, რადგან რესურსები შეზღუდულია. ფული, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა გადავანაწილოთ, მაგრამ, პირველადი საჭიროების სურსათი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისთვის, რომ პანდემიის ეს პრობლემური პერიოდი გავიაროთ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, სახელმწიფოს მხრიდან იქნება სუბსიდირებული“, - განაცხადა დავითაშვილმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ პროდუქტების წარმოებისთვის ტარიფების სხვაობას დაფარავს.

„ის მნიშვნელოვანი წინაპირობა ფასის ზრდის, რაც შეიძლება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო ყოფილიყო, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მოხსნილი, ყოველ შემთხვევაში, შერბილებული", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ პურის ფასი მარტამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი მიმდინარე პროგნოზებიდან გამომდინარე ახალი ფასი განისაზღვრება.

„პურის ფასს სუბსიდირების გზით ვინარჩუნებთ მარტის ჩათვლით, იმ დრომდე, ვიდრე ხორბალზე ახალი საპროგნოზო მონაცემები იქნება და შესაბამისად, ახალი ფასები ჩამოყალიბდება ისე, რომ მოსახლეობისთვის ეს დამატებითი ტვირთი არ იყოს", - განაცხადა დავითაშვილმა.

ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

მწარმოებელ ქვეყნებში ხორბლის ცუდმა მოსავალმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის მერყევმა კურსმა იმოქმედა ფქვილის ღირებულებაზე, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში პური გაძვირდებოდა. ამის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის იმპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება. პროგრამა გათვლილია 4 თვეზე და ის დეკემბრიდან ამოქმედდა. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. 

იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობა გამოუყოფს სუბსიდიას – არაუმეტეს 10 ლარისა ერთ ტომარა ფქვილზე. პროგრამა 1 მარტამდე გაგრძელდება.