მსოფლიო დღეს

1,4 ტრილიონი დოლარი: დონალდ ტრამპმა მომავალი წლის ბიუჯეტს ხელი მოაწერა

მანამდე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ არ მოაწერდა ხელს დოკუმენტს მანამ, სანამ მასში ცვლილებები არ შევიდოდა.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2021 წლის ბიუჯეტს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ასევე მოიცავს 900 მლრდ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს, იუწყება პრეზიდენტის თანაშემწე ჯად დირი საკუთარ Twitter-ზე.

​გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხელი კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტს მოაწერა, რომელიც პანდემიით ეკონომიკურად დაზარალებულ თითოეულ პირზე 600 დოლარის გადახდას ითვალისწინებს, ნაცვლად 2 ათასი დოლარისა, როგორც ამას ტრამპი მოითხოვდა.

  • აშშ-ის 2021 ფინანსური წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1,4 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტი დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი პრეზიდენტსა და კანონმდებლებს შორის. მოქმედი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მას ხელს არ მოწერდა და დოკუმენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვდა.