ჩხენკელი: 2020 წელს კულტურის მოღვაწეებმა სამუშაო ადგილები შეინარჩუნეს

საქართველო ერთადერთი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც 2020 წელს, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მოხერხდა ყველა იმ კულტურის მოღვაწის სამუშაო ადგილის შენარჩუნება, ვინც სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული და ასევე დამატებითი რესურსების გამოძებნა კულტურის ორგანიზაციების ფუნქციონიორებისთვის, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კულტურის სფეროს 2020 წლის შედეგების შეჯამებისას.

„სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით. სამინისტრომ ასევე შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება. ჩატარებულ 16 საგრანტო კონკურსში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, დასრულდა სამხატვრო აკადემიის, ანსამბლ „რუსთავის“ შენობის, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმების მშენებლობა, სრულდება მუსიკისა და დრამის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

როგორ უმკლავდებოდა საქართველო პანდემიის ზეგავლენას განათლების სფეროში: მინისტრის ანგარიში

„ევროპის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური და ბოლნისის რეგიონული მუზეუმები“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გამართულ ღონისძიებებზე. კერძოდ, კამპანიის „კულტურა თქვენთვის“ ფარგლებში 1 ათასზე მეტი ონლაინ ღონისძიება გაიმართა, ასევე ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, კინოს, ფოლკლორის მიმართულებით – 31 სახელოვნებო ფესტივალი.

ფესტივალები ღია ცის ქვეშ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. ივლისიდან სახელმწიფო და კერძო პროფესიულ თეატრებში 49 ახალ სპექტაკლზე განახლდა მუშაობა. მათი საპრემიერო ჩვენებები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იგეგმება. წარმატებით განხორციელდა სოციალური, სახელოვნებო, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, მათ შორის: ინკლუზიური თეატრის სპექტაკლი „იდუმალი მთის მიღმა“, „კინოხელოვნება – სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოზარდებისთვის“ და სხვ.

„როცა პანდემია დამთავრდება...“ – ქართული თეატრების გრანდიოზული ჩანაფიქრი

ანგარიშში მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ მოიპოვა უფლება, 2021 წლის შემოდგომაზე უმასპინძლოს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს, რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან კულტურული ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო ინსტიტუციების 200-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. ღონისძიება ქუთაისში გაიმართება.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქართული კულტურის საერთაშორისო მიღწევებზე და აღნიშნა, რომ „ოსკარის“ უცხოური ფილმების ნომინაციაზე წარდგენილია რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“. აღნიშნული ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა, სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი ოთხი ჯილდოს მფლობელი გახდა.

დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან-სებასტიანში: ფილმმა „დასაწყისი“ ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა>>

ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის სტრატეგიის (ST21) საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია და ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 2020 Travelers ‘Choice Award მოიპოვა.