კორეამ საქართველოს 400 ათასი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა კორეას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. კორეის რესპუბლიკამ საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 400 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა კორეის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს, კორეისა და საქართველოს საელჩოების მიერ შესრულებული ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგი.

თავის მხრივ, კორეის მხარემ აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ორ ქვეყანას შორის განვითარდა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.

საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.