გახარია: თუ ბევრი მოქალაქე ატარებს პირბადეს, უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამჟამად ეპიდემილოგიური ვითარება ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა და ეს დაწესებული შეზღუდვების შედეგია.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი ― Sputnik. თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შედეგად მთავრობამ შეძლო ინფიცირებულების რაოდენობის დასტაბილურება და შემდეგ კლება.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირება მცირდება

„მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგების და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა და დღეში გვყავს დაახლოებით 1000-1500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5000-ს უახლოვდებოდა", – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ქვეყნის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც პირდაპირ კავშირშია წესებისა და რეგულაციების დაცვასთან.

„რაც უფრო ბევრი ადამიანი, ბევრი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ, რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ელემენტარულ წესებს, ელემენტარულ მოთხოვნებს ეპიდემიოლოგების, მით უფრო სწრაფად აღდგება ქართული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი“, – განაცხადა გახარიამ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ. ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრები, შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების გამო, დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე ღიაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.