ე.წ. აფრიკაში მცხოვრები ალუაშვილების ოჯახი კახა კალაძის ნაჩუქარ ბინაში პირველად შევიდა

ახალაშენებულ კორპუსში მდებარე ოთხოთახიან ბინაში ალიაშვილებს დახვდათ ავეჯი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, პროდუქტები. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ე.წ. აფრიკაში მცხოვრებ ალუაშვილების ოჯახს ნაჩუქარი ბინა დაათვალიერებინა. პირდაპირი ჩართვა თბილისის მერს პირად Facebook-გვერდზე ჰქონდა.

15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია. მიუხედავად იმისა, რომ ალუაშვილების ექვსშვილიან ოჯახს ნგრევა არ შეხებიათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. ოჯახის უფროსი ექვს შვილს მარტო ზრდის. მათი ოჯახის გულისამაჩუყებელი ფოტო იმ დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა. იმავე საღამოს, თბილისის მერმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მისი ოჯახის სახელით ალუაშვილებს საკუთარი სახსრებით ბინას აჩუქებდა.

დღეს კი, 28 დეკემბერს ალუაშვილების ოჯახი პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში, ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.

ახალ ბინაში ოჯახს ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა, კვების პროდუქტები დახვდა, ოჯახის პატარა წევრებს კი ნაძვის ხე, სათამაშოები და ველოსიპედი. დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა.

„დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. ძალიან გახარებული ვარ, ემოციებს ვერ ვმალავ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ე.წ. აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები დემონტაჟის ახალ ტალღას ელოდებიან

მერიის შესაბამისმა სამსახურებმა 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. სახლების მეპატრონეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, გზა გადაკეტეს და ადგილზე მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.