როგორ უმკლავდებოდა საქართველო პანდემიის ზეგავლენას განათლების სფეროში: მინისტრის ანგარიში

პანდემიის პერიოდში შექმნილი ყველა წარმატებული პროექტი იქნება გრძელვადიანი და აუცილებლად დარჩება განათლების სისტემაში, განაცხადა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეაჯამა უწყების მიერ განათლების სფეროში 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს".

მინისტრმა ისაუბრა რეალიზებულ პროექტებზე, რომლებიც, პანდემიის მიუხედავად, უმოკლეს ვადებში ეფექტურად განხორციელდა.

დისტანციური სწავლება

უწყების ხელმძღვანელმა სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებულ დანერგვას საქართველოს მთავარი მიღწევა უწოდა.

COVID-19-ის პანდემია: მსოფლიო მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება

„ჩვენ შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა და, პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გავაგრძელეთ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა მინისტრმა.

ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შესთავაზა და დანერგა მოსწავლეთა ინტერესებზე ადაპტირებული მოდელი - განმავითარებელი შეფასება. გარდა ამისა, პირველ არხთან თანამშრომლობით ამოქმედდა უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, ასევე ცალკე ტელეარხი „პირველი არხი - განათლება“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა.

საქართველოს დიდ ქალაქებში დისტანციური სწავლება წლის ბოლომდე გაგრძელდება

პირველ სემესტრში მშობლებსა და მოსწავლეებს მიეცათ საშუალება თავად აერჩიათ სწავლების მოდელი - უშუალოდ სკოლაში ესწავლათ თუ დისტანციურად. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს, რომლებიც ორმაგი დატვირთვით მუშაობდნენ, სამინისტრომ დამატებითი ანაზღაურება უზრუნველყო.

ჩხენკელმა განსაკუთრებით აღნიშნა მასწავლებლების როლი გამოწვევების დაძლევის პროცესში და მათ ექიმების მსგავსად, „თანამედროვეობის გმირები“ უწოდა.

რაც შეეხება განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმის Minecraft Education Edition-ის დანერგვა, რაც თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს და სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და 1500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

პანდემია და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები

ჩხენკელის თქმით, სახელმწიფომ დაუფინანსა სწავლება 15 ათასზე მეტ სტუდენტს, ასევე უცხოეთში მყოფ სტუდენტებს სტიპენდიები გადაუხადა.

„ეს ყველაფერი წარმატებად ღირს“– დაფნის გვირგვინი, რომელსაც ქართველი გოგო იტალიაში დაიდგამს

„სამინისტროს რეკომენდაციით, დაწესდა სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა – სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 15 ათასამდე სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. პანდემიის მიუხედავად, 130-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის. გაიხსნა ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაში მიიღო: მათემატიკაში, ინფორმატიკასა და მენეჯმენტში. ქართველ პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტში ლექციებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები კითხულობენ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტზე, რომლის ფარგლებშიც ექვსი ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს განახორციელებს.

მეცნიერება 2020 წელს

მეცნიერებაზე საუბრისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის წელს ყველაზე უფრო ცხადად გამოჩნდა. მისი თქმით, საქართველოში სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად ჩაერთნენ COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაწყებულია მუშაობა ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, სადაც ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს.

ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, გაიზარდა ქართველ მეცნიერთა ჩართულობის მაჩვენებელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. დაწყებულია მზადება Horizon Europe-ის პროგრამისთვის, რომელიც წარმოადგენს გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაცია COST-ის („მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობა“) სრული წევრობისკენ. ამასთანავე, გაფართოვდა თანამშრომლობა CERN-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემიის მიუხედავად, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბენეფიციარებს განათლების მისაღებად ყველა შესაძლებლობა მიეცათ.

ჩხენკელის თქმით, პანდემიის პერიოდში შექმნილი ყველა წარმატებული პროექტი იქნება გრძელვადიანი და აუცილებლად დარჩება განათლების სისტემაში.