თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ 2021 წელს დედაქალაქის მცხოვრებთათვის ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 20 მილიონი ლარი გამოყო, ნათქვამია საკრებულოს მიერ დამტკიცებულ მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტში.
მომავალ წლელს დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტს ჯანდაცვა წარმოადგენს.
თბილისის ხელისუფლება უცვლელად ტოვებს სიმსივნურ დაავადებათა პროფილაქტიკის ყველა პროგრამას, რომელიც თბილისელებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ამ პროგრამებს შორისაა: ძუძუს კიბოს სკრინინგი - 2 წელიწადში ერთხელ, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 3 წელიწადში ერთხელ, პროსტატის კიბოს მართვა - წელიწადში ერთხელ, კოლორექტული კიბოს სკრინინგი - 2 წელიწადში ერთხელ და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა - 5 წელიწადში ერთხელ. თბილისში რეგისტრირებულთათვის ყველა აღნიშნული მომსახურება უფასოა.
თბილისის მერია ასევე ეპიდემიოლოგებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება. ამისათვის ბიუჯეტში 523,4 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხის დიდი ნაწილი დეზინფექციაზე, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე დაიხარჯება.
ქალაქის მერია ასევე დააფინანსებს მედიკამენტებს გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ. ამ დახმარების მისაღებად საკმარისია ადამიანმა იქონიოს დადასტურებული დიაგნოზი და რეგისტრაცია დედაქალაქში.
დედაქალაქის ხელისუფლება აუტიზმის კორექციის ცენტრების დაფინანსებას გააგრძელებს. ეს მომსახურებაც დედაქალაქში მცხოვრებთათვის უფასოა.
ქალაქის ბიუჯეტში აგრეთვე გათვალისწინებულია ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატების დაფინანსება. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია დადასტურებული დიაგნოზი და ექიმის დანიშნულება.
მერია ასევე დააფინანსებს ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამას ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში.
დედაქალაქის მერიის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად თბილისელებმა უნდა მიმართონ მერიას ან რაიონულ ადმინისტრაციას. გარდა ამისა, რაიონული ადმინისტრაციები სამედიცინო მანიპულაციების თანადაფინანსების პროგრამას გააგრძელებენ.