„დედა შემაგინა“ - რას შეეწირა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი

თვითმხილველის განცხადებით, გასროლის შემდეგ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის ოფიცერმა საპატრულო პოლიცია თვითონ გამოიძახა
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების განყოფილების უფროსი ვანო ზანდარაშვილი ბრალს არ აღიარებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

37 წლის ზანდარაშვილი დაკავებულია. ის დუმილის უფლებას იყენებს. არ საუბრობს საქმის დეტალებზე არც მისი ადვოკატი არჩილ ბერიანიძე, რომელიც, მისი თქმით, საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია. ზარდანაშვილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზანდარაშვილი, საჩიშვილი და კიდევ ერთი პირი მანამდე იმყოფებოდნენ საერთო ნაცნობის, ვინმე ლაჩაშვილის დაბადების დღეზე. ლაჩაშვილი აცხადებს, რომ ზანდარაშვილი და საჩიშვილი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ და სუფრაზე მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. სტუმრებმა მასპინძლის სახლი ყოველგვარი ჩხუბის გარეშე ისე დატოვეს, ზანდარაშვილის მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. რა მოხდა მათ შორის გზაში, ეს ლაჩაშვილის უცნობია.

 

მოკლეს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი - ეჭვმიტანილია შსს-ს ოფიცერი

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა მანქანაში მიაყენა. 

„ღამის 12 საათზე სროლის ხმა გავიგე, დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ერთი ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ყველაფერი. მანქანა გაჩერდა, ჩაგუდული ხმა იყო სროლის, გარეთ არ უსვრია. სულ ოთხნი იყვნენ, მთვრალები იყვნენ და შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ეს ამბავი. თვითონ დარეკა პატრულში და შემდეგ სასწრაფო მოვიდა", - აცხადებს თვითმხილველი მიხეილ მიქელაშვილი.

მკვლელობა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში მოხდა. სროლის შედეგად ზურაბ საჩიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.