„არც დადებითი, არც უარყოფითი“ - საქართველოში საეჭვო ტესტის შედეგი 2 დღეში გახდება ცნობილი

საქართველოში რამდენიმე დღეში ეცოდინებათ, არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი. ერთ-ერთ ლაბორატორიაში ერთ-ერთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა საეჭვოდ არის მიჩნეული
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთ სამედიცინო ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტის რამდენიმე შემთხვევა საეჭვოდ მიიჩნიეს, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება, არის თუ არა საქართველოში ახალი შტამი, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსმა მაია ზალდასტანიშვილმა.

ჯანმო: კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში აღმოაჩინეს

მისივე თქმით, თუ დამტკიცდება საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამის არსებობა, ვირუსის უფრო სწრაფ გამრავლებას უნდა ველოდოთ.

ამასთან, როგორც ზალდასტანიშვილმა აღნიშნა, ჯერ უცნობია, მოქმედებს თუ არა ვაქცინა ამ ახალი შტამის წინააღმდეგ.

„ლაბორატორიაში ნანახია რამდენიმე შემთხვევა და მათი გენეტიკური ანალიზი კეთდება. ლაბორატორიამ ნახა, როცა იშიფრებოდა რაღაც ატიპიური და განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე იყო ცნობილი და ამიტომ იქნა საეჭვოდ მიჩნეული. ხანდახან არის ასეთი შემთხვევა, რომ ის არ არის მთლად დადებითი, მაგრამ ლაბორატორია ვერც იმას ამბობს, რომ უარყოფითია. აქაც მოხდა ასეთი რამ, რომ რაღაც ისეთი ინახა, რაც არ ჰგავდა აქამდე არსებულს“, - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

მისი თქმით, ორ-სამ დღეში უკვე ცნობილი იქნება, არის თუ არა ქვეყანაში ახალი შტამი.

„თუ დამტკიცდა, რომ ეს ის ახალი შტამია, უნდა ველოდოთ ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გამრავლებას. როგორია ვირუსი,  ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი. მოგეხსენებათ, თვითონ კორონავირუსი ბოლომდე არ არის ამოცნობილი, არ არის გაშიფრული და ახალი როგორია, ვერ გეტყვით. ერთადერთი, სამწუხაროდ, ცნობილია ის, რომ ბევრად უფრო სწრაფად გავრცელებადია, ვიდრე ის კორონავირუსი, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. მთელი მსოფლიო ახლა იმედის თვალით შეჰყურებს ვაქცინას და ეს ვაქცინა მუშაობს თუ არა ახალ კორონავირუსზე, ესეც არ ვიცით“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.
პაატა იმნაძე: მოსახლეობას კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა ეშინოდეს

ვირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ 14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა. ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსული საფრთხეების საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა, რომ კორონავირუსის ახალგამოვლენილი შტამი სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. 

კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაშია გამოვლენილი. გარდა ევროპის ქვეყნებისა, „ბრიტანული“ შტამი გამოავლინეს იაპონიაში, ლიბანსა და სხვა სახელმწიფოებში.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ახალი სახეობა, წინასწარი შეფასებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ჯერ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო სახიფათოა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.