თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საზოგადოებას COVID-19-ის ახალი შტამის გადაჭარბებულად არ უნდა ეშინოდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე რამდენიმე პაციენტს იკვლევენ>>
იმნაძემ განაცხადა, რომ ახალ შტამს იმაზე მეტი გავრცელება ვერ ექნება, რაც ვირუსს გასული სამი კვირის განმავლობაში ჰქონდა. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადის ტარებისკენ და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.
„ახალ შტამსა და ძველს შორის დიდი განსხვავება არ არის. მთავარი თავდაცვის საშუალება კი იგივე რჩება – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძემ გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ ახალ წელს მოერიდონ სტუმრიანობას და დღესასწაული მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნონ.
„ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება ალბათ ჩვენი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველა სხვა ახალი წლისგან, რადგან ის გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
იმნაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე რამდენიმე ადამიანს იკვლევენ, რადგან მათ ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ნუ გეშინიათ COVID-19-ის ახალი შტამისა: იერუსალიმელი პროფესორი კომენტარს აკეთებს>>
დეკემბრის პირველ დეკადაში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება და 70%-ზე მეტად გადამდებია, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, ან სხვაგვარად რეაგირებს ვაქცინებზე.