საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო არანაირი საზეიმო ღონისძიებები ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით არ ჩატარდება, განაცხადეს საპატრიარქოში.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. პარასკევს, 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 43 წელი სრულდება.

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დღეს არანაირი ღონისძიება არ ჩატარდება.

„მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ კარგი იქნება, თუ ადამიანები სიკეთეს გამოიჩენენ თუნდაც ერთი გაჭირვებულის მიმართ.

საპატრიარქო: სიცრუეა, თითქოს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.

შობის მარხვაში მორწმუნეებს, საჭიროების შემთხვევაში, რძის ნაწარმის მიღების ნება მიეცემათ>>

იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 

1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.

პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქიაა, 47 ეპისკოპოსი პატრიარქის ჩათვლით და ორ ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია.