გიორგი პაპუნაშვილი ლიმასოლის „აპოლონში“ ითამაშებს

პაპუნაშვილი სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში კვიპროსულ გუნდთან 18-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას „სარაგოსადან“ კვიპროსულ „აპოლონში“ გააგრძელებს. ინფორმაციას როგორც კვიპროსული, ასევე ესპანური მხარე ადასტურებენ.

ქართველი ნახევარმცველი კუნძულზე უახლოეს დღეებში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. პაპუნაშვილი ლიმასოლის „აპოლონთან“ 18-თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ქართველმა ფეხბურთელმა ესპანური კლუბი განაწყენებულმა დატოვა

გიორგი ესპანურ გუნდში 2017 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. „სარაგოსაში" პაპუნაშვილმა სულ 61 მატჩში ითამაშა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა ოთხი შედეგიანი გადაცემა. მან მიმდინარე სეზონში „სარაგოსას“ მაისურით მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში პაპუნაშვილი ასევე სანტანდერის „რასინგში“ იჯარის წესით ირიცხებოდა.

გიორგი პაპუნაშვილის მომავალი გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში 33 ქულით ცხრილის სათავეშია. აღსანიშნავია, რომ „აპოლონის“ ერთ-ერთი კონკურენტი „ანორთოსისია“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.