ბრძოლა COVID-თან: მსოფლიო ბანკმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ბანკმა საქართველოს სასუნთქი აპარატები და სხვა სამედიცინო ტექნიკა გადასცა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამედიცინო ინვენტარს შორიაა 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები. აღჭურვილობა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება, საწოლები კი ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში, თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

თურქეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები აჩუქა

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა პანდემიასთან ბრძოლისთვის ქართველ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დაიცავით უსაფრთხოების წესები, დისტანცია და ატარეთ პირბადე“, – განაცხადა მოლინეუსმა.

უწყების ცნობით, სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სუნთქვის უკმარისობით გართულებულ მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან. თუმცა მათი გამოყენება ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიც შესაძლებელია, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით.

პაატა იმნაძე: მოსახლეობას კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა ეშინოდეს>>

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20.165, საიდანაც 5.969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.542, ხოლო ბინაზე მკურნალობის კურსს 12.654 პაციენტი გადის. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 414 პირი იმყოფება.