შეზღუდვები საქართველოში: აკრძალვები, რომლებიც 1 თებერვლამდე იმოქმედებს

საქართველო COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობას ახალი წლის დღესასწაულებზე მკაცრი შეზღუდვები ელოდება.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან ახალი შეზღუდვები შევიდა ძალაში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

– თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;

– იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;

– იკრძალება კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა;

– მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება კვების ობიექტებისა და რესტორნების მუშაობა, გარდა გატანის სერვისისა;

– იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილება, გამონაკლისია მხოლოდ 31 დეკემბერი–1 იანვრის ღამე;

– მაღაზიებს უფლება ექნებათ იმუშაონ 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, გამონაკლისია სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, აფთიაქები, ვეტაფთიაქები, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები. მაღაზიებში მომხმარებელი დაიშვება პრინციპით: 20 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი.

3 იანვარი – 15 იანვარი

საქართველოს მასშტაბით უქმეები ცხადდება, იმუშავებს მხოლოდ ბანკები და სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისები და ობიექტები.

იმოქმედებს დამატებითი შეზღუდვები:

– იკრძალება რესტორნების მუშაობა, გარდა ე.წ. „დელივერი სერვისისა“;

– იკრძალება სპორტ–დარბაზებისა და აუზების მუშაობა;

– იკრძალება ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგების, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება, გარდა ონლაინ–ფორმატისა;

– იკრძალება სპორტული, სამხატვრო, კულტურული წრეებისა და სტუდიების მუშაობა;

– თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იკრძალება სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გამონაკლისია სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, აფთიაქები, ვეტაფთიაქები, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები.

16 იანვარი – 31 იანვარი

მუშაობას განაახლებს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები (გარდა უქმეებისა).

შეზღუდვები არ ეხება:

– სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

– საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

– სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

– დელივერსა და გატანის სერვისებს;

– სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს;

– ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

– საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

–  აგრარულ ბაზრებს.