„საქართველოს რკინიგზა“ საახალწლო დღესასწაულებზე არ იმუშავებს

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხო მგზავრების გადაყვანას არც ერთი სახის ტრანსპორტით.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, რომელიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა განახლებულიყო, გაუქმებულია. შესაბამისი განცხადება „საქართველოს რკინიგზამ“ თავის Facebook-გვერდზე განათავსა.

კომპანიის ინფორმაციით, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ საახალწლო დღესასწაულების დროს მოქმედი შეზღუდვები რკინიგზაზე არ მოხსნას. ამიტომ იმ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები შეძენილი ჰქონდათ, შეუძლიათ თანხის უკან დაბრუნება.

შეზღუდვები საქართველოში: აკრძალვები, რომლებიც 1 თებერვლამდე იმოქმედებს

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს რკინიგზის მიერაც ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება – სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა, ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდა მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებს ბილეთების ღირებულების დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ქვეყანაში 28 ნოემბრიდან აკრძალულია მგზავრების გადაყვანა როგორც ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, ისე რკინიგზით.

აკრძალვა არ მოქმედებს პირად სატრანსპორტო საშუალებებზე.