პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს. მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ორი დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს, იუწყება ქართული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცი თავს კარგად გრძნობს.

თავდაცვის სამინისტრო დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეს ეძებს>>>

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გიუნაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

უწყების ცნობით, გიუნაშვილი დისლოკაციის ადგილზე 22 დეკემბერს არ გამოცხადდა, რის შემდეგაც სამინისტრო მის ძებნას შეუდგა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც სამხედრო, ასევე კრიმინალური პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, გიუნაშვილი სამხედრო ნაწილში ბოლოს 21 დეკემბერს, 09:00 საათზე ნახეს, რის შემდეგაც მან დათხოვნის უფლებით ბაზის ტერიტორია დატოვა.