ყვითელი ამბები

ბერა ივანიშვილი იუბილარია – ნახეთ რა ძვირფასი საჩუქარი მიიღო ოჯახისგან მუსიკოსმა

ახალგაზრდა მუსიკოსს 26 წელი შეუსრულდა. მან მიღებული საჩუქრების ნაწილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. საჩუქრებს შორის ყველაზე ძვირფასი უმცროსი ძმის სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორ აღნიშნა ბერამ საკუთარი დაბადების დღე?
Sputnik

ბერა ივანიშვილმა დაბადების დღე საზეიმო ვითარებაში გადაიხადა. თუმცა, პანდემიის გამო მისი სიხარული მხოლოდ ოჯახის წევრებმა გაიზიარეს. უცნობია რა აჩუქა საყვარელმა ცოლმა, ან ბიზნესმენმა მამამ შვილს, თუმცა ბერა ივანიშვილმა თაყვანისმცემლებს უმცროსი ძმის საჩუქარი გაუზიარა. როგორც ჩანს, საჩუქრებს შორის ცოტნეს სიურპრიზი ყველაზე მოულოდნელი და ძვირფასი აღმოჩნდა.

ბერა ივანიშვილი 26 წლის გახდა. მან საკუთარ გვერდზე მხოლოდ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ერთ სტილში ჩაცმული ნანუკა გუდავაძე და პატარა ბერუკა მამასთან ერთად პოზირებენ. ფოტოზე დაბადების დღის დეკორაციებიც ჩანს, მათ შორის ძვირადღირებული ტორტი. საკონდიტრო ნამუშევარზე პატარა სკულპტურებს შეამჩნევთ - ეს ბერა და მისი მეუღლე არიან, უზარმაზარ თეთრ როიალთანაც ბერაა მოკალათებული. უცნობია, თუ ვინ შეასრულა ეს რთული ნამუშევარი, თუმცა ბერასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძმის პორტრეტი გახდა. ახალბედა მხატვარმა ძმას საკუთარი ხელით შექმნილი ფერადი პორტრეტი უსახსოვრა, რამაც ბერას გული აუჩუყა.

კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ ტრენდებს და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს, ხოლო „ინსტაგრამის“ სივრცე მათთვის გასართობ საშუალებად იქცა.

ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოებიც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.