თბილისი პარალიზებულია – გაიხსნა დიდი სავაჭრო ცენტრები

საცობები გზებზე და რიგები სავაჭრო ცენტრებთან – ყველა ცდილობს, რომ ამ ფორსმაჟორულ ვითარებაში საახალწლო საჩუქრები იყიდოს.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ქუჩები ავტომობილების ნაკადით დილის 7 საათიდან გადაიტვირთა – დედაქალაქში დიდი სავაჭრო ცენტრები და სხვა მაღაზიები გაიხსნა.

სავაჭრო ობიექტების მიერ წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება - შრომის ინსპექცია

სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვის პირობით, მუშაობის განახლების უფლება მისცეს. როგორ დაიცავენ ამ წესებს სავაჭრო ობიექტები, ამას შრომის პირობების ინსპექცია გააკონტროლებს, რომელთან ერთადაც მუშაობენ ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური და საპატრულო პოლიცია.

დიდ სავაჭრო ცენტრებთან დილიდან შეიქმნა გრძელი რიგები – შენობაში მყიდველს შეზღუდული რაოდენობით უშვებენ (ერთი ადამიანი 20 კვადრატულ მეტრზე). ნაკადი მკაცრად რეგულირდება და რიგი წინ ნელა მიიწევს, რადგან საახალწლოდ ახლობლებისთვის საჩუქრების მყიდველთა რაოდენობა ძალიან დიდია.

შეცვლილია სავაჭრო ობიექტების მუშაობის გრაფიკიც – დილის შვიდიდან საღამოს შვიდ საათამდე.