უკანონო მშენებლობების დემონტაჟის მორიგი ტალღა: რა ხდება სამგორში

შენობება-ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლები გააფრთხილა. რამდენიმე დღით ადრე აღნიშნულ შენობებზე შესაბამისმა სამსახურებმა გამაფრთხილებელი მოთხოვნებიც გააკრეს.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა შვიდი უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

ე.წ. აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები დემონტაჟის ახალ ტალღას ელოდებიან

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ მშენებარე ობიექტები თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე დააფიქსირა. დემონტაჟის დაწყებამდე, 18 დეკემბერს მუნიციპალურმა ინსპექციამ შენობა-ნაგებობების მფლობელებს ოთხდღიანი ვადა მისცა და გააფრთხილა, რომ უკანონო შენობების დემონტაჟი თავად მოეხდინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია დემონტაჟს საკუთარი ძალებით განახორციელებდა.

„თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მასშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მერიის განმარტებით, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. სახლების მეპატრონეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, გზა გადაკეტეს და ადგილზე მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.