თავდაცვის სამინისტრო დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეს ეძებს

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის კვალი 21 დეკემბრის მერე იკარგება, როდესაც მან სამხედრო ნაწილი დატოვა, მაგრამ სახლში, სადაც დათხოვნის უფლებით გაემგზავრა, არ გამოჩენილა.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკარგულ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეს, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის რიგითს თეიმურაზ გიუნაშვილს ეძებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გიუნაშვილი დისლოკაციის ადგილზე 22 დეკემბერს არ გამოცხადდა, რის შემდეგაც სამინისტრო მის ძებნას შეუდგა.

ბოლოს ის ნაწილში 21 დეკემბერს, 09:00 საათზე ნახეს, რის შემდეგაც მან დათხოვნის უფლებით ბაზის ტერიტორია დატოვა.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის ადგილმდებარეობის დასადგენად უკვე დაუკავშირდა სხვა უწყებებს.

გიუნაშვილს ეძებს მისი ოჯახიც. ნათესავების თქმით, თემურს ისინი უკვე მესამე დღეა ვერ უკავშირდებიან.