ყველაფერი მცირე ბიზნესისთვის - „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ხაზი ფართოვდება

ეს კრედიტი ქართულ ეკონომიკაში ახალ კაპიტალს იმ დროს შექმნის, როდესაც COVID-19-ის პანდემია ბიზნესს ლიკვიდურიბის პრობლემებს უქმნის
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) მცირე და საშუალო საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისთვის „საქართველოს ბანკში“ საკრედიტო ხაზის გაფართოების მიზნით 25 მილიონი ევრო გამოყო, რაც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ქართული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს, ნათქვამია EIB-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული ინვესტიცია - „ევროპული გუნდის“ მხრიდან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ლიკვიდურობისა და ოპერაციების მხარდაჭერას, ასევე დახმარებას საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად.

საქართველოს ეკონომიკა პანდემიის პერიოდში – ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის ანგარიში

შეთანხმება 7 წელიწადზეა გათვლილი და წარმოადგენს 50 მილიონი ევროს ოდენობის მულტისავალუტო კრედიტის ლიმიტის ზრდას, რომელიც „საქართველოს ბანკმა“ და EIB-მ 2019 წელს გააფორმეს. კრედიტის აღება შესაძლებელია ევროებში, აშშ-ს დოლარებში და ლარებში.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. გვეძლევა მეტი შესაძლებლობა მცირე და საშუალო საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ, რაც მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. მადლობას ვუხდი ევროპის საინვესტიციო ბანკს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობით კიდევ მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

EIB-ს ინფორმაციით, აღნიშნული კრედიტი ქართულ ეკონომიკაში ახალ კაპიტალს იმ დროს შემოიტანს, როდესაც COVID-19-ის პანდემია ბიზნესს ლიკვიდურიბის პრობლემებს უქმნის, ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და ყოველდღიურ საქმიანობას უზღუდავს.

„როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ ვამაყობთ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ეკონომიკას ამ რთულ პერიოდში. EIB-ს დაფინანსება ხელს შეუწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე საქართველოს ფინანსურ სექტორს, რათა პანდემიის მიუხედავად, გააგრძელონ ოპერირება და შეძლონ ეკონომიკის გაჯანსაღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ხელფასები და შემოსავალი“, - განაცხადა ტერეზა ცერვიშკამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოში ოპერაციების ხელმძღვანელმა.

მთავრობა ტურისტული სექტორის დახმარებას აფართოებს

ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი სესხი „საქართველოს ბანკს“ საშუალებას მისცემს გააფართოვოს თავისი საკრედიტო საქმიანობა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის ფინანსური სექტორის გრძელვადიან სტაბილურობას ან მის უნარს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას პოსტპანდემიურ პერიოდში.

საკრედიტო ხაზი მეტად მიმზიდველი გახდა უფრო მოქნილი პირობების გამო, რომლებსაც ითვალისწინებს პანდემიის წინააღმდეგ მიმართული EIB-ს საგანგებო ღონისძიებები და რომლებიც გაფართოვდა „ევროპული ჯგუფის“ ძალისხმევის შედეგად პანდემიის დროს პარტნიორი ქვეყნების (მაგალითად, საქართველოს) მხარდასაჭერად.

ეს მესამე ოპერაციაა EIB-ს და „საქართველოს ბანკს“ შორის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად. დღეისათვის ევროკავშირის ბანკმა ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისათვის საკრედიტო ხაზებში 330 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და ამით ქვეყანაში 54 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნება მოხერხდა.

საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან - 2007 წლიდან - EIB-მ ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით 23 პროექტში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.