მსოფლიო დღეს

ცნობილი გახდა, როგორ ჩატარდება კოვიდ-ვაქცინაცია ევროკავშირში

ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი პრეპარატის გამოყენებაა დაშვებული.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის მთელ ზრდასრულ მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მომავალი წლის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტაროს, ნათქვამია ევროკომისიის მასალებში.

​ამასთან აღინიშნება, რომ თავდაპირველად ევროკავშირს არ ექნება ვაქცინის საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ყველა ზრდასრული მოქალაქე უზრუნველყოს აცრებით.

„[ვაქცინის] გავრცელება ეტაპობრივად დაიწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ზრდასრულების ვაქცინაციისთვის საკმარისი დოზა არ გვექნება... დროთა განმავლობაში მიწოდება გაიზრდება და ყველა ზრდასრულმა უნდა მიიღოს 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის შესაძლებლობა“, — აცხადებს ევროკომისია.

ამასთან ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის ბაზარზე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ცნობილია ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია შეიძლება 27–29 დეკემბერს დაიწყოს.