24 დეკემბრიდან დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება

ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კი კვლავ ნებადართულია.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში რჩება,  განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან სპეციალური რეჟიმით იმუშავებენ

კერძოდ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება.

ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.