სემეკში ჩანიშნული სხდომები გადაიდო: ნარმანია განმარტებას აკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომების გადადების მიზეზი ახალი კორონავირუსია – კომისიის თავმჯდომარე და ორი თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 21 დეკემბერს დაგეგმილი სხდომა შეხვედრის მონაწილეებს შორის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გადაიდო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

საქართველოში ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის ახალი ტარიფები დადგინდა

კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ორ კოლეგასთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება, რამდენადაც ნარმანიას ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

„თვითიზოლაციაში ვარ, რადგან პარასკევს ჩემთან იმყოფებოდა სტუმარი, რომელსაც შაბათს კოვიდ-ინფექცია გამოუვლინდა. შეხვედრას კომისიის ორი წევრიც ესწრებოდა, ამიტომ მათაც ვურჩიე, რომ გადასულიყვნენ იზოლაციაში. წესი წესია და, ალბათ, 3-4 დღით გადაიდება ეს სხდომა“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ასევე გადაიდო 22 და 24 დეკემბერს დაგეგმილი სხდომები, რომლებზეც ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის საკითხი უნდა განეხილათ.

გასულ კვირას სემეკმა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შეცვალა. სემეკში აღნიშნავენ, რომ ტარიფის ზრდა გამოწვეულია ეპიდსიტუაციით და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით.