COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის გადადება უნდოდა: ქმარმა ცოლს პროკურატურაში უჩივლა

აღსანიშნავია, რომ ცოლიცა და ქმარიც ექიმები არიან, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებაზე დადებითი პასუხი მხოლოდ ქალის ტესტმა აჩვენა.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მამაკაცმა საკუთარ ცოლს პროკურატურაში უჩივლა მას შემდეგ, რაც ქალმა მისი კორონავირუსით დაინფიცირება სცადა, იუწყება გაზეთი Hurriyet Daily News.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თურქეთის ქალაქ სამსუნში მოხდა.

​მამაკაცის თქმით, მის ექიმ მეუღლეს COVID-19 დაუდგინდა, რის გამოც ორივე იზოლაციაში გადაიყვანეს. აღინიშნება, რომ მამაკაციც ექიმია, თუმცა მისმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

როგორც ქმარი აცხადებს, ის ცოლზე ზრუნავდა, მაგრამ ქალი „პირდაპირ ჭკუიდან შეიშალა“, როცა კაცს საკუთარმა დამ დაურეკა დაბადების დღის მისალოცად.

„დამ დამირეკა და მომილოცა. ცოლი გაბრაზდა და მიყვირა, რატომ გირეკავენ, ჩემზე ლაპარაკობთო? და ბრალი დამდო, თითქოს მის თავიდან მოშორებას ვცდილობდი“, — ამბობს მამაკაცი.

მისი თქმით, სატელეფონო ზარის შემდეგ ცოლმა სახეში შეაფურთხა და უთხრა, მინდა, რომ შენც დაავადდე კორონავირუსითო. უფრო მეტიც, როგორც ქმარი ამბობს, ქალმა მას ხელზეც უკბინა.

ამასთან სამართალდამცველებს მამაკაცმა განუცხადა, რომ ცოლი მასზე ადრეც ძალადობდა ფიზიკურად.

მიუხედავად იმისა, რომ ცოლის თავდასხმის შემდეგ კაცის ახალმა კოვიდ–ტესტმა კვლავ უარყოფითი პასუხი აჩვენა, უსაფრთხოების ქვედანაყოფმა ის სხვა სახლში გადაიყვანა.