ჰანს კლუგე: საქართველოს მთავრობის რეაგირება სანაქებოა

ჰანს კლუგემ და გიორგი გახარიამ შეხვედრისას ჯანდაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების და, კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის ნაბიჯები უდავოდ ქების ღირსია, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულებისას. 

ჰანს კლუგე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა 112-ში ნანახმა

შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები, ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები, გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

როგორც კლუგემ აღნიშნა, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

„ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება. დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს. მთელ ევროპაში შეინიშნება პანდემიური გადაქანცვა და ამასთან დაკავშირებით მოსახლეობის განცდები გვესმის“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

შეხვედრაზე გახარიამ და კლუგემ ასევე ისაუბრეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და პირველადი ჯანდაცვის როლზე. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების ფარგლებში დეკემბრის დასაწყისიდან ახორციელებს. გარდა ამისა, კლუგემ ვაქცინაციის პროცესში გახარიას დახმარება აღუთქვა.

ჯანმოს რეგიონული დირექტორი: საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საჭიროა ზომების დაცვა>>>

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ ჰანს კლუგეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანმოს რეკომენდაციებს არა მხოლოდ COVID-19-ის მართვის ნაწილში, არამედ სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისითაც.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯანმოს დელეგაციამ ჰანს კლუგეს მეთაურობით დაათვალიერა კოვიდ–სასტუმროები, კოვიდ–კლინიკები, „112“-ის სამსახური, ასევე გამართა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან და ქვეყნის ეპიდემიოლოგებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმოს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.