COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მოქალაქეებს ლონდონში მკაცრი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებენ

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ვირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერი ლონდონსა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იძულებულია „შობა გააუქმოს“
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელების გამო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 20 დეკემბრიდან ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში კოვიდშეზღუდვების მეოთხე დონის ახალი სისტემა Tier Four ამოქმედდება.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ვირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ლონდონსა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იძულებულია „შობა გააუქმოს“, ხოლო იმ რაიონებში, სადაც მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობაა, დამატებითი შეზღუდვები დააწესოს.

„აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
უფრო გადამდებია: ჯანმომ კორონავირუსის ახალი შტამი შეაფასა

იკეტება ყველა სავაჭრო, საგანმანათლებლო, გასართობი დაწესებულება, სილამაზის სალონები, სპორტდარბაზები, კოსმეტიკის სტუდიები. დამსაქმებლებს მოუწოდებენ, თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

რეგიონის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ დატოვონ მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს.

ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს ეკრძალებათ საშობაოდ მოინახულონ ნათესავები ან ახლობლები, რომლებიც ცხოვრობენ იმ რეგიონებში, სადაც კოვიდშეზღუდვების პირველი სამი დონე მოქმედებს.

დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 2 004 219 ადამიანს, გარდაიცვალა 67 075 პაციენტი. ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდგინდა 27 052 პირს, გარდაიცვალა 534 ადამიანი.

ბორის ჯონსონი: კორონავირუსის ახალი მუტაცია 70%-ით უფრო გადამდებია

შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა ეხება შეზღუდვების მეოთხე ზონას, სადაც ინგლისის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი ცხოვრობს.

შეზღუდვები გადაიხედება 30 დეკემბერს, ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი მუტაცია 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი. ეს შაბათს ბრიტანეთის საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა. ინგლისის მთავარმა ექიმმა პროფესორმა კრის უითიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია ვრცელდება „საოცრად სწრაფად“ და მოქალაქეებისგან უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვს.

ამასთან ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ახალი მონაცემები, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ან უფრო მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა.