COVID-19 - ბოლო ცნობები

ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს

ბრიტანეთში დაადასტურეს, რომ ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის ახალი შტამი დიდი სისწრაფით ვრცელდება და მოსახლეობისგან კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ნიდერლანდების, ბელგიის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, იტალიის, ბულგარეთის და ირლანდიის ხელისუფლებებმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამის გავრცელებას. ავიარეისების გარდა, ბელგიამ ლონდონთან „ევროგვირაბის“ გავლით სარკინიგზო მიმოსვლაც შეწყვიტა.

დიდ ბრიტანეთში მაღაზიები საკვებს იმარაგებენ

ავსტრია დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო თვითმფრინავებს აღარ მიიღებს, ხოლო ჩეხეთმა დიდი  ბრიტანეთიდან დაბრუნებული მგზავრებისთვის სავალდებულო ათდღიანი კარანტინი დააწესა.

ბულგარეთმა ინგლისთან ფრენები თვენახევრით - 21 დეკემბრიდან 31 იანვრამდე შეწყვიტა. დიდ ბრიტანეთთან საზღვრის ჩაკეტვა ირლანდიამაც გადაწყვიტა: 21 დეკემბრიდან დიდი ბრიტანეთიდან ირლანდიაში შესვლა 48 საათით აიკრძალება და ეს როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ტრანსპორტს შეეხება.

დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ არც რუსეთში, არც ბელარუსში. მინსკიდან ლონდონის მიმართულებით „ბელავიას“ თვითმფრინავები დღეში ორჯერ, ზოგიერთ დღეებში - სამჯერ დაფრინავენ (არსებობს პირდაპირი რეისები, ვარშავასა და პარიზში გადასხდომით).

საქართველოს მოქალაქეებს ლონდონში მკაცრი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებენ >>

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. შაბათს ბრიტანეთის რესპირატორული ვირუსული საფრთხეების საკითხთა საკონსულტაციო საბჭომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ვარიანტი უფრო დიდი სისწრაფით ვრცელდება და მოსახლეობისგან უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა ვირუსის ახალი ვარიანტი, წინასწარი შეფასებებით, ჩვეულებრივთან შედარებით 70%-ით უფრო გადამდებია, ჯერ არაფერი არ ამტკიცებს იმას, რომ ის უფრო საშიშია სიკვდილიანობისა ან ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.