საქართველო უახლოეს ოთხ წელიწადში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას განაგრძობს

სამთავრობო პროგრამა გიორგი გახარიას განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად პარლამენტს უკვე წარედგინა.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველო უახლოეს ოთხ წელიწადში ერთგული დარჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების და მზად არის გააგრძელოს რუსეთთან დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ნათქვამია მთავრობის პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

ზურაბიშვილმა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა

სამთავრობო პროგრამა გიორგი გახარიას განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად პარლამენტს უკვე წარედგინა. გახარიას მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა 24 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

პროგრამის საგარეო პოლიტიკის ნაწილის თანახმად, საქართველოსთვის პირველი რიგის ამოცანა საერთაშორისო არენაზე, ისევე, როგორც პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება და გაძლიერებაა.

„პარტნიორების დღის წესრიგში მაღალ დონეზე აღნიშნული ფორმატის აქტუალიზაციისთვის მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება, რაც აღნიშნულ ფორმატში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობის უზრუნველყოფასაც მოიცავს“, - აღნიშნულია პროგრამის ტექსტში.

პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ − ეფექტიანი განხორციელება. კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაშლასა და განვითარებას. გაგრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი მობილიზებისთვის.

საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები ჟენევაში: სამი თვალსაზრისი

სამთავრობო პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული დარჩება ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გასაგრძელებლად მთავრობა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.