ჯანმოს რეგიონული დირექტორი ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებოდა

ჯანმოს რეგიონული დირექტორი თბილისში ვიზიტისას ჩაინიშნავს ყველა საჭირო რეკომენდაციას, რომლებიც ვიზიტის ბოლოს, შემაჯამებელ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე, დელეგაციასთან და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებოდა.

ჰანს კლუგე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა 112-ში ნანახმა

თბილისში ვიზიტით მყოფი ჰანს კლუგე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დელეგაციასთან და  საქართველოს  ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად  სტუმრობდა.

ბოჭორიშვილის კლინიკა კოვიდ-მართვაში ეპიდემიის დასაწყისიდან არის ჩართული.

როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა,  კლუგე დაინტერესებულია საქართველოში არსებული პრობლემებით და გამოთქვამს დახმარების მზაობას.

„ჩამოსულია იმის გამო, რომ, ცხადია, არის ჩვენთან გარკვეული პრობლემები, რაც ამ ბოლო დროს დადგა ჩვენს ქვეყანაში. მას აინტერესებდა, რა დახმარება შეუძლია. შეგვპირდა, რომ დაგვეხმარება, თუ ამის საჭიროება იქნება, თუმცა უკვე ნელ-ნელა ისე მიდის საქმე, რომ დახმარების ძალიან დიდი საჭიროება შეიძლება აღარც იყოს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

დღეს ჰანს კლუგემ კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნი“ და  საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი „112“-იც მოინახულა.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯანმოს დელეგაცია სხვა კოვიდ–სასტუმროებს და კოვიდ–კლინიკებს დაათვალიერებს და შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან.

ჯანმოს რეგიონული დირექტორი: საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საჭიროა ზომების დაცვა >>

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმოს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.