ინფექცია თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 9%-მა გადაიტანა

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზეა ეფექტური.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. სპეციალისტებმა თბილისის მოსახლეობის კვლევა ჩაატარეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რომელმაც აჩვენა, რომ დედაქალაქის ზრდასრული მოსახლეობის 9,1%-ს კოვიდ-ინფექცია გადატანილი აქვს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>>

მისი განცხადებით, ათასზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა და აღმოჩნდა, რომ 9%-ზე მეტს იმუნიტეტი აღმოაჩნდა.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ მხოლოდ თბილისში ჩავატარეთ კვლევა, დედაქალაქში პრევალენტობის მაჩვენებელი 9,1%-ია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და მაშინ მაჩვენებელი 0,9% იყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მაგალითად, ანალოგიური კვლევის თანახმად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ნიუ-იორკში 25%-ს, ჟენევაში კი 14%-ს მიაღწია, დასძინა ცერცვაძემ.

„ვიტყოდი, რომ მოსახლეობის 10%-ის ინფიცირება საშუალო ევროპული პროცენტია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციონისტი საქართველოში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების საკითხსაც შეეხო, რომელიც, მისი თქმით, ძალზე რთულია, რადგან კორონავირუსი არაპროგნოზირებადი დაავადებაა. მისი თქმით, სპეციალისტებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები სუსტად არის გაწერილი. 

საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო

„მინდა ვთქვა, რომ კრიტერიუმები არ მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგი არ უნდა შევქმნათ. ჩვენ ამაზე მუშაობა უკვე დავასრულეთ და რამდენიმე დღის შემდეგ იგი აიტვირთება. გამორიცხული არაა, რომ იქნება შენიშვნები. დამიჯერეთ, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების დადგენა ძალზე რთულია, რამდენადაც დიდია იმის ალბათობა, რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტ ზიანს მივიღებთ, ვიდრე სარგებელს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება პაციენტების პრეპარატ „რემდესივირით“ მკურნალობას, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია, ცერცვაძემ აღნიშა, რომ მას იმ პაციენტების შემთხვევაში გამოიყენებენ, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებული არიან.

ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში აღნიშნული პრეპარატის საცდელი პარტია – 4 ათასი დოზა შემოიტანეს. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პერიოდში მედიკამენტს დადებითი ეფექტი ექნება, ქვეყანაში საჭირო რაოდენობას შემოიტანენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, აღნიშნულ პრეპარატს ინფიცირებულთა მკურნალობისას საჭირო ეფექტი არ ჰქონდა და ორგანიზაცია მის გამოყენებაზე რეკომენდაციას არ იძლევა. ერთი მხრივ, ეს იყო „რემდესივირის“ გამოყენების წინააღმდეგ სერიოზული პირობა, თუმცა მსოფლიოში ბევრი სერიოზული ინსტიტუტი და სპეციალისტია, რომლებიც აღნიშნულ პრეპარატს COVID-19-ის წინააღმდეგ რეკომენდაციას აძლევს, დასძინა ცერცვაძემ.

„ჩვენ ვესაუბრეთ როი გულიკს, რომელიც ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის წამყვან გაიდლაინს ადგენს და მან დაგვიდასტურა, რომ „რემდესივირი“ საჭირო და ეფექტურია“, – განაცხადა ცერცვაძემ. 

საქართველომ ჯანმოს რეკომენდაცია მიიღო: COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ გამოიყენებენ

მიუხედავად „რემდესივირთან“ დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობისა, საქართველოში მისი გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს. ექიმებმა და პაციენტებმა თავად გადაწყვიტონ, გამოიყენებენ მას თუ არა, დასძინა ცერცვაძემ.

პრეპარატის ეფექტურობა ინფექციის გამოვლენის შემდეგ ათი დღის განმავლობაში გრძელდება, თუმცა იგი ყველა პაციენტს არ სჭირდება, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა.

„რემდესივირი“ არის ანტივირუსული მედიკამენტი, სხვა მექანიზმი არ გვაქვს, და ის დროზე უნდა მივცეთ პაციენტს, რომ ვირუსი არ გამრავლდეს, თორემ მეათე დღის შემდეგ ვირუსის გამრავლება ისედაც წყდება ორგანიზმში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.635-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 204.003-ს მიაღწია. ვირუსი 170 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 2.002 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.