ქართველისავე ხელით: რატომ მოკლეს ნოე რამიშვილი

ზუსტად 90 წლის წინ, 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში, გობლენის ქუჩაზე მუხანათურად მოკლეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის მეთაური ნოე რამიშვილი.
Sputnik

ნოე და ემიგრანტი სანდრო მენაღარაშვილი პარტიულ შეკრებაზე მიიჩქაროდნენ, როცა ტერორისტი უკნიდან მიეპარა და ზედიზედ ორი გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა 49 წლის ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. სანდრო მენაღარიშვილი არ დაიბნა, მკვლელს იარაღი აართვა და შეიპყრო კიდეც. ტერორისტი ქართველი ემიგრანტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი პარმენ ჭანუყვაძე აღმოჩნდა. ოფიციალური ვერსიით, ის თურმე რამიშვილზე განაწყენებული ყოფილა და სიცოცხლეს ამიტომაც გამოასალმა.

დაუმორჩილებელი გურულები: როგორ დაარსდა გურიის რესპუბლიკა

თუმცა ამ ვერსიის არავის სჯეროდა, ყველა ხვდებოდა, რომ საქართველოს ემიგრაციული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლშევიკების, კონკრეტულად, „ჩეკას“ მსხვერპლი გახდა, მაგრამ ეს მაშინ ვერ დამტკიცდა. არადა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თითქმის ყველა წევრისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ნოე რამიშვილს სტალინი პირად მტრად მიიჩნევდა და მათ შორის დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებდა, როდესაც მენშევიკებიც და ბოლშევიკებიც პარტიულ ერთიანობას ინარჩუნებდნენ.

ამ ტერორისტულმა აქტმა შეძრა არა მხოლოდ ქართული ემიგრაცია, არამედ საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების საზოგადოებრიობა. ამას ფართო გამოხმაურება მოჰყვა პრესაშიც. ერთგან ისიც დაწერეს, მოკლულ შინაგან საქმეთა მინისტრს დაკემსილი წინდები ეცვაო, რითიც ხაზი გაუსვეს მის პატიოსნებას. მაგრამ ეს ყველაფერი აღშფოთება- შეშფოთებას არ გასცილებია და მკლელობის დამკვეთები არავის უძებნია.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი მთავრობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებელი აქტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. დემოკრატიული რესპუბლიკის  ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტმა) მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი აირჩია. მართალია, ნოე რამიშვილი სოციალ-დემოკრატი (მენშევიკური ფრთა) იყო და ეროვნულ საბჭოშიც მენშევიკები უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ახლად დაკომპლექტებულ მთავრობაში რვა მინისტრიდან მხოლოდ 4 იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელი:

  • მთავრობის (მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი (სოციალ - დემოკრატი);
  • საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი (სოციალ-დემოკრატი);
  • სამხედრო მინისტრი — გრიგოლ გიორგაძე (სოციალ–დემოკრატი);
  • ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინიტრი — გიორგი ჟურული (ეროვნულ-დემოკრატი);
  • იუსტიციის მინისტრი — შალვა ალექსი-მესხიშვილი (სოციალ-ფედერალისტი);
  • სახალხო განათლების მინისტრი — გიორგი ლასხიშვილი (სოციალ-ფედერალისტი);
  • მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნოე ხომერიკი (სოციალ-დემოკრატი);
  • გზათა მინისტრი — ივანე ლორთქიფანიძე (სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია).

კოალიციური მთავრობა აქტიურად და ენერგიულად შეუდგა საქმიანობას. უმოკლეს დროში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მისმა მეთაურმა იმთავითვე გამოიჩინა თავი, როგორც გაბედულმა ხელმძღვანელმა, რომელსაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ჰქონდა და რომელიც, უპირველესად, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა.

სარდალი, მემაწვნე და ჯეიმს ბონდის შეყვარებულის ბაბუა - გენერალი კვინიტაძე

იმ პერიოდში ქართულმა ჯარმა გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით დედასამშობლოს დაუბრუნა აფხაზეთი. ქვეყნის მოსახლეობაც ნდობითა და იმედით შეჰყურებდა მთავრობას. მისი ეფექტური მუშაობა დიდწილად განპირობებული იყო მისი ხელმძვანელის ნოე რამიშვილის ფაქტორით. იმდროინდელი საზოგადოება და პრესა ნოე რამიშვილს მოიხსენიებს როგორც „რკინის მინისტრს“, ვინაიდან მას ყველა უწყების სათავეში ყოფნის დროს უწევდა ხისტი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება (იყო მთავრობის მეთაური, განათლების მინისტრი, შინაგან სამეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი). „რკინის მინისტრი“ განსაკუთრებით დაუნდობელი იყო იმათ მიმართ, ვინც ძირს უთხრიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას — საუბარია სეპარატისტებსა და ტერორისტ ბოლშევიკებზე. ზოგადად, ქართველი მენშევიკები ლოიალურად იყვნენ განწყობილი ყოფილი თანამებრძოლების მიმართ. გამონაკლისს წარმოადგენდა სწორედ ნოე რამიშვილი, რომელიც ყველაზე დიდი ანტიბოლშევიკი იყო ქართველ მენშევიკებში.

ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი, შემდგომში ვერმახტის გენერალ-მაიორი შალვა მაღლაკელიძე იგონებდა:

„ნოე რამიშვილი იყო ყველაზე ძლიერი პარტიული მუშაკი... რადიკალურად მტრულად განწყობილი, ბოლშევიზმი რომ სძულდა, როგორც იდეა. თუ რაიმე კეთდებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ საქართველოში, მისი სულისჩამდგმელი იყო...“

ის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, რადიკალურ ზომებს იღებდა ბოლშევიკური პარტიის აგიტატორების  წინააღმდეგ.

„ყველა აგიტატორი და პროპაგანდისტი ბოლშევიკი თქვენს რაიონში გაჩხრიკეთ, დაატუსაღეთ ან მოათავსეთ ციხეში ჩემ სახელზე ჩარიცხვით“, — ასეთი იყო მისი ბრძანება.

სამწუხაროდ, კოალიციურ მთავრობას დიდხანს არ უარსებია. რამიშვილის ავტორიტეტის ზრდა აღიზიანებდა ქართველ მენშევიკთა ლიდერსა და მთავარ იდეოლოგს ნოე ჟორდანიას. მას არ სურდა ლიდერობის დათმობა და თავის სეხნიაში სერიოზულ კონკურენტს ხედავდა. ჟორდანიას მოკავშირეც გამოუჩნდა ყოფილი ბოლშევიკის, იმ დროს ეროვნული გვარდიის სარდალ ვალიკო ჯუღელის სახით. თუ ჟორდანიას ძალაუფლების ხელში აღება სურდა, ვალიკო ჯუღელი უკმაყოფილო იყო მაშინდელი მთავრობის მეთაურის სამხედრო რეფორმით — ყოველგვარ სამხედრო პროფესიონალიზმს მოკლებული რამიშვილი ძირითადად სოცილ-დემოკრატებისგან დაკომპლექტებული გვარდიის უმოკლეს პერიოდში ლიკვიდაციასა და ერთიანი ეროვნული ჯარის შექმნას აპირებდა.

ომში დაუმარცხებელი გენერალი მაზნიაშვილი, შვედი გოგონა სოფია და... ანუკი არეშიძე

გენერალი გიორგი კვინიტაძე იგონებდა: „ვალიკო ჯუღელი რამდენჯერმე შემოვარდა მთავრობის სხდომაზე ყვირილით, გვარდია არავითარ მთავრობას არ დაემორჩილება, თუ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია არ იქნებაო. არადა, საკმარისი იყო ნოე რამიშვილს ჩემთვის ეთხოვა და მეორე დილითვე მივართმევდით გვარდიის გაბაწრულ გენერალურ შტაბს... გვარდია ამით დაიშლებოდა და მთავრობის გადატრიალებას მაშინ ვეღარავინ შეძლებდა“.

სამწუხაროდ, მაშინ ნოე რამიშვილმა ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა, რაც ქვეყნის იმდროინდელ პროგრესულ წრეებში მის ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნდათ. არადა, საქმე ისე მარტივადაც არ იყო, როგორც ქართველი გენერალი სახავდა. ჯერ ერთი, მთავრობის მეთაური ქართველთა შორის სისხლისღვრას მოერიდა და გარდა ამისა, ნოე ჟორდანიას უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. ის ევროპისა და მოსკოვისთვისაც „შინაურ კაცად“ მიიჩნეოდა და მის დაპატიმრებას შესაძლოა საერთაშორისო გართულებებიც კი მოჰყოლოდა, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა ქვეყნისთვის. ანგარიში გაეწია იმასაც, რომ საქართველო შიდა დაპირისპირებას ვერ გაუძლებდა და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე ჩამოიშლებოდა.

სამთავრობო გადატრიალება ნოე ჟორდანიასა და ჯუღელის მიერ კარგად შედგენილი სცენარის მიხედვით განხორციელდა. მასში ასევე აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელი პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე კაკი წერეთელი.

ყოველივე კი ასე წარიმართა: 1918 წლის 23 ივნისს კაკი წერეთლის ინიციატივით მოიწვიეს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სხდომა, რომელზე დასწრებაც ნოე რამიშვილსაც აიძულეს. წერეთელმა, ყველასთვის მოულოდნელად, მთავრობის თავმჯდომარედ ნოე რამიშვილის ნაცვლად ნოე ჟორდანიას კანდიდატურა წამოაყენა. ბევრმა თანაფრაქციელმა პროტესტი გამოხატა, მაგრამ შეთქმულებმა თავისი გაიტანეს და მთავრობის მეთაური გადააყენეს.

სანამ პასკევიჩი გეგმას ადგენდა, ანუ როგორ აიღო თავრიზი ქართველმა გენერალმა

ნოე რამიშვილის ვაჟი აკაკი რამიშვილი იგონებს:

„მამა დაშინდა, ამათ სამოქალაქო ომი არ დაიწყონო და დათანხმდა გადადგომაზე, ასე მოვიდა სახელმწიფოს სათავეში ნოე ჟორდანია, რომელიც იმ დროს დროებითი პარლამენტის — ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეც იყო. პირველი, რაც გააკეთა, ვალიკო ჯუღელის სახალხო გვარდიას ხელისუფლებისთვის ბრძოლაში დახმარებისათვის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 50 მილიონი რუბლი გამოუყო. ეს მაშინ, როცა ეროვნული ჯარის პირადი შემადგენლობა მატერიალური  სიდუხჭირისაგან სულს ღაფავდა. სწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი იმ სიმახინჯეს, რაც, გვარდიის გაზულუქებითა და ჯარის უკიდურესი დამცირებით, პირველ რესპუბლიკაში ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა. ნოე რამიშვილის გადაყენების უმალ ჟორდანიამ მალე აიძულა ქართული ჯარების მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძეც თანამდებობა დაეტოვებინა. ამიერიდან მის ხელში მთელმა უმაღლესმა სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლებამაც მოიყარა თავი. სამთავრობო გადატრიალების შემდეგ ის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა“.

ნოე რამიშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ წყალი შეუდგა კოალიციურ მთავრობასაც. ჟორდანია თანდათან იცილებდა თავიდან სხვა პარტიის წევრ მინისტრებს, ხოლო 1919 წლის მარტიდან საქართველოს მთავრობა მთლიანად მენშევიკური გახდა.

რაც შეეხება ნოე რამიშვილს, მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გააგრძელა მუშაობა და იქაც გამოიჩინა თავი — როგორც ენერგიულმა და სამშობლოს ერთგულმა ჩინოვნიკმა.

1919 წლის ოქტომბერში უცხოეთის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა განიზრახეს. როგორც თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის პატაკშია აღნიშნული: მოსკოვმა გამოგზავნა მძლავრი აგენტურა, დიდძალი ფული, თბილისში მთავრობის დაწესებულებების, ფოსტის, დამფუძნებელი კრების, ჯარისა და გვარდიის უფროსობის ხელში ჩასაგდებად. აქტიური გამოსვლები იყო ფოთშიც. მაგრამ საქართველოს მთავრობამ მათი ავანტიურისტული მცდელობა ძირშივე აღკვეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის სპეცდანიშნულების „საგანგებო რაზმმა“ თითქმის ყველა შეთქმული დააპატიმრა და სათანადოდ დასაჯა.

იუნკერის წერილი: სულ მესიზმრება, თითქოს საქართველოში მიმავალ მატარებელზე მაგვიანდება…

1918 წლის დეკემბერში საქართველოს სომხეთი დაესხა თავს. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არაფრად ჩააგდო ეს აგრესია და მხოლოდ საპროტესტო ნოტების დაგზავნით შემოიფარგლა. ამით ისარგებლეს თბილისელმა სომხებმა, ქალაქის ცენტრში შტაბი გახსნეს, სადაც მოხალისედ ეწერებოდნენ სომხეთის არმიაში(?!). ნოე რამიშვილის ბრძანებით „საგანგებო რაზმმა“ დაარბია შტაბი და მისი მოთავეები დააპატიმრა. ამის შემდეგ განრისხებული შინაგან საქმეთა მინისტრი ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში) მიიჭრა: „ნოტის გაგზავნას, აჯობებდა, ჯარი გაგვეგზავნა!“ — განუცხადა დეპუტატებს და იქიდან მანამ არ მოიცვალა ფეხი, სანამ პარლამენტმა სამხედრო შენაერთების მობილიზაციის გადაწყვეტილება არ მიიღო.

საქართველოში საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოსვლის შემდეგ ქართველ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში დამკვიდრებული ნოე რამიშვილი თავის მეუღლესთან მარიამ (მარო) გოგიაშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა ჯერ სენ-კლუსა და ლევილში, 1929 წლიდან კი — ფონტენეი ო როზში (პარიზის მახლობლად). მატერიალურად შეჭირვებული საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური ფიზიკურ შრომასაც არ ერიდებოდა და მიწის დამუშავებით მიღებული სარჩო-სანოვაგით გაჰქონდა თავი. ამის პარალელურად ნოე რამიშვილი განაგრძობდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და პრესაში აქვეყნებდა წერილებს, რომელთა მეშვეობითაც საერთაშორისო საზოგადოებას აცნობდა იძულებით გასაბჭოებულ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. მისი ანტიბოლშევიკური პოზიცია საბჭოთა მთავრობის გაღიზიანებას იწვევდა. მოგვიანებით უცხოეთში საბჭოთა დაზვერვის ყოფილი უფროსი, შემდგომში სსრ კავშირიდან გაქცეული ალექსანდრ ორლოვი (ფელდბინი) წერდა, რომ როცა ის 1926 წელს პარიზში მიავლინეს, იქაურ საბჭოთა საელჩოში ძველ ამხანაგს დიმიტრი ლორთქიფანიძეს შეხვდა. ეს უკანასკნელი ცაგარლის გვარით იყო შეგზავნილი პირდაპირ სტალინის დავალების აღსასრულებლად. მას ევალებოდა კონტაქტში შესულიყო ნოე რამიშვილთან, რათა ამ უკანასკნელს „თავი დაეოკებინა“. მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ნოე რამიშვილის დაყოლიება ვერ მოუხერხებია.

იმავე ორლოვის ინფორმაციით, ლორთქიფანიძე 30-იან წლებში დახვრიტეს, ხოლო რამიშვილი სტალინმა აგენტ ჭანუყვაძის ხელით მოიცილა.

ქართველისავე ხელით: რატომ მოკლეს ნოე რამიშვილი

1930 წლის 14 დეკემბერს ნოე რამიშვილი პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე დაკრძალეს, საიდანაც მოგვიანებით ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

რაც შეეხება მის მკვლელს, მას სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მას თავისუფლებაზე გამოსვლა აღარ ეწერა — ციხეში გარდაიცვალა. არის ცნობები, რომ ქართველი ტერორისტი სიცოცხლის ბოლო დღეებში ჭკუიდან შეიშალა...