საქართველო აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს ფასდაკლებით შეიძენს

შეღავათის წყალობით საქართველოს მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სტაბილური ფასების შენარჩუნებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველო აზერბაიჯანიდან ფასდაკლებით 200 მილიონ კუბომეტრ სოციალურ აირს მიიღებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ.

შეთანხმებას მხარეებმა გახარიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე მიაღწიეს. 

ნათია თურნავა: ამ ეტაპზე კომერციული გაზის ტარიფი არ შეიცვლება

საქართველო ბუნებრივ აირზე მთლიან მოთხოვნილებას პრაქტიკულად აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზით აკმაყოფილებს. საქართველოს 2020 წლის ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, მიმდინარე წლის პროგნოზმა 2,5 მილიარდი კუბომეტრი შეადგინა, აქედან რუსეთიდან მოსალოდნელია 170 მილიონი კუბომეტრი აირის შემოტანა, დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

აღინიშნა, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმატებით თანამშრომლობს SOCAR-თან, რისი დასტურიც არის ქვეყანაში სოციალურ გაზზე ფასების ოპტიმიზაციის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ცვლილებები შევიდა სოციალური გაზის მოწოდების შესახებ კონტრაქტში, რომელიც 2016 წლიდან მოქმედებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა.

დადებული შეთანხმების წყალობით საქართველოს მთავრობა შეძლებს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სტაბილური ფასების შენარჩუნებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. 

„თბილისი ენერჯი“ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფს აძვირებს

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და განიხილეს პარტნიორობის საკითხი სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინვესტიციო პროექტებს, რომლებსაც კომპანია SOCAR საქართველოში ახორციელებს, ასევე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

ასევე აღინიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომლითაც კასპიის ზღვის აზერბაიჯანული სექტორიდან – „შაჰ-დენიზის“ საბადოდან ნედლეული ევროპაში გაიგზავნება, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის დიდი მოცულობის აზერბაიჯანული აირი და ქვეყანა უფრო შეღავათიან ფასად შეძლებს აზერბაიჯანული გაზის შეძენას არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.  

გაზის სამხრეთის დერეფანი - არის მილსადენების სისტემა, რომლითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი „შაჰ-დენიზის“ საბადოდან თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება. აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება იგეგმება სამხრეთ კავკასიის გაზსადენით, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ტრანსანატოლიური მილსადენით, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, ასევე ტრანსადრიატიკული მილსადენით, რომელიც საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებზე გადის.