„ქართულ ოცნებას“ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს

ხელისუფლებას ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან საერთო ენის გამონახვის იმედი აქვს, თუმცა კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალასთან მოხდება კონსენსუსის მიღწევა, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან ჯერ კიდევ შესაძლებელია მოლაპარაკება. 

პოლიტიკური ნოკდაუნი თუ... რას უმზადებს „ქართული ოცნება" მთავარ მოწინააღმდეგეს

თვეზე მეტია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ცდილობენ, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ. ამ დროის მანძილზე დიპლომატები ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ხელისუფლება კი დათმობაზე დაეთანხმებინათ. გასულ ხუთშაბათს, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გადამწყვეტი, მეხუთე რაუნდი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის მზადაა.

„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებებისთვის რესურსი არსებობს, რამდენადაც რადიკალურ და ნაკლებად რადიკალურ პარტიებს შორის ზღვარი არსებობს და, შესაბამისად, არსებობს სივრცე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას 11 დეკემბერს შეუდგა, თუმცა იგი ამ დრომდე ერთპარტიულ რეჟიმში მუშაობს – ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბდა. 

„გირჩი“ ორად გაიყო: რა მომავალი ელის პარტიას
 

ამ დროისათვის სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი). ამ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებისთვის უკვე მიმართეს, ხოლო დეპუტატებმა – უფლებამოსილების მოხსნის შესახებ – პარლამენტს.

გუშინ ამ სიას პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც შეუერთდა. პარტიის დანარჩენ სამ წევრს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატების დათმობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ დაუწერიათ.

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო უარზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.