ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი: იანვარი–ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 323,3 მილიონი დოლარი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წლის ნოემბერში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 12,5%-ით გაიზარდა და 169,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

პანდემიის პერიოდში ფულადი გზავნილები საქართველოში

ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წლის ნოემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 31,8 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 16%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და უკრაინა.

რამდენი ვალუტა გადმოირიცხა საქართველოში

ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 1.696,3 მლნ დოლარი შეადგინა. 

საქართველოს ეკონომიკა პანდემიის პერიოდში – ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის ანგარიში
 

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარი–ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 323,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,2%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 16,1%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან აგრეთვე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ზრდის ტემპი შენელდა

ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება, თუმცა ტემპმა იკლო. ივნისში 17,8%-იანი მატების შემდეგ ივლისში წლიურმა ზრდამ 22,1% შეადგინა, აგვისტოში – 25,8%, სექტემბერში – 28,7%, ოქტომბერში ზრდის ტემპმა იკლო და 18,6%, ნოემბერში კი 12,5% შეადგინა. 

როგორ აისახება რუსეთში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება საქართველოში პურის ფასზე?

ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 8%, ქვეყანაში პანდემიამდე შემოდიოდა არასაბანკო არხებით – ვიზიტორების მეშვეობით. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო ფულადი გზავნილების ეს ნაწილი საბანკო სექტორში გადავიდა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი, განაცხადა ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის ორი მიზეზი დაასახელა.

„პირველი მდგომარეობს იმაში, რომ პანდემიისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხალხი უფრო გაღარიბდა, არ მუშაობს ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, გარდა სასურსათო და ფარმაცევტული ობიექტებისა. და უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები უფრო მეტ თანხას გზავნიან. დავუშვათ, თუ 200 დოლარს რიცხავდნენ, ახლა 300 დოლარს რიცხავენ“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მისი აზრით, მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სამშენებლო ბიზნესის დახმარების მიზნით დეკემბრის ჩათვლით მთავრობამ იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველა, ვისაც ახლა საშუალება აქვს, ცდილობს ამ შეთავაზებით ისარგებლოს და ამიტომაც გაიზარდა საქართველოში უცხოეთიდან ტრანზაქციები. თუ 2021 წელს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გააგრძელებს და ადამიანები ბინებს შეიძენენ, პირველ კვარტალში გადმორიცხების მოცულობა ისევ გაიზრდება“, – განაცხადა შენგელიამ.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 21,9 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 0,1%-ით ნაკლებია.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 222,2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4,9%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.