პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს დახურავს

კანონმდებლებს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება და ქვეყნის 2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება რიგგარეშე სხდომებზე მოუწევთ.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად პარასკევს, 18 დეკემბერს დაიხურება.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს პლენარული სესიით ან ბიუროს სხდომით იხურება. ცნობილია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი სესიის დახურვის შემდეგ მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს. 

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება შეუწყდებათ

დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომებია დაგეგმილი. დღესვე უნდა გაიმართება ბიუროს სხდომაც.

პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე ნდობა უნდა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას და დაამტკიცოს 2021 წლის ბიუჯეტი.

საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილების აღსრულებას 11 დეკემბერს შეუდგა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი მონაწილეობს. 60 ოპოზიციონერი დეპუტატი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.