ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა

ამ დროისათვის კლინიკაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა, იუწყება Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მამაკაცი მკურნალობას ნეიროქირურგიულ განყოფილებაში თავის ტვინის კეროვანი ტრავმის დიაგნოზით გადიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და იგეგმებოდა მისი ბინაზე გაწერა.

„მეორე დღეს იგეგმებოდა ბინაზე მისი გაწერა, თუმცა, ღამის საათებში პაციენტი მოულოდნელად გადახტა მეოთხე სართულიდან და, სამწუხაროდ, ადგილზევე გარდაიცვალა“, – განაცხადა ორჟონიამ.

შსს-ში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.