„კმაყოფილი ხარ?“ – პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის სასიყვარულო წერილებს ასაჯაროებს

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი სასიყვარულო წერილების შინაარსს ასაჯაროებს. ნახეთ რას სწერდა თამარ ბაჩალიაშვილი ყოფილ უფროსს.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა გრძნობები შპს „ზეგში“ თავისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ და ის ვებ-გვერდ momavali.me-დან ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა, აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქმე დახურულია – პროკურატურა

უწყების ცნობით, აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე.

უწყების ცნობით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს თავის უფროსს ვებ-გვერდ Momavali.me-ს მეშვეობით გაუგზავნა ორი ელექტრონული წერილი შინაარსით - „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო.

„ამავე ვებ-გვერდის მეშვეობით თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით - „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

6 აგვისტოს „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი ერთ-ერთი კომპანია ZAG-ის ტექნიკურ მენეჯერს ნიკა გეჯაძეს გაუგზავნეს.

ბაჩალიაშვილის საქმე: სკანდალური ფოტოების გამომგზავნი საპატიმროდან გაათავისუფლეს

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდათ თამარ ბაჩალიაშვილსა და ნიკა გეჯაძეს, გადაცემაში მიწვეულმა გეჯაძემ უპასუხა, რომ მხოლოდ სამსახურებრივი, მისი პირადი თითქმის არაფერი იცოდა და როგორც ნებისმიერ სხვა თანამშრომელთან, ისეთი ურთიერთობა ჰქონდა თამართან.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, რატომ დაუშვა, რომ მიღებული ანონიმური წერილი თამარის გაგზავნილი იყო, ნიკა გეჯაძემ უპასუხა, რომ წერილში ეწერა, რომ წერილის ავტორი საზღვარგარეთ იყო ერთი წელი და მის ნაცნობებში სხვა მსგავსი არავინ ჰყავდა. თუმცა გეჯაძემ მაშინ განაცხადა, რომ ბოლომდე არც იყო დარწმუნებული, რომ სწორედ თამარმა გაუგზავნა წერილი, რადგან ფაქტობრივი გარემოება არ ემთხვეოდა - თამარი საფრანგეთში ოთხი თვით იყო წასული და არა ერთი წლით.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებამ გოგონას გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაადგინა.

23 წლის პროგრამისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო.