თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა რუსეთ–საქართველოს საზღვარზე მავნე ორგანიზმებით დაავადებული ხის მასალა არ გაატარეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი რუსეთიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით შემოდიოდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტვირთის ნიმუშების ანალიზი ჩაატარეს. შედეგად – ხის მასალაში აღმოჩენილია საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი გადამტანი მწერები.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.