თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლებიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ჰიდროელექტროსადგურებისათვის დადგინდა სამწლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის
ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები ჰესებისთვის (თეთრი/კვტსთ)
სადგური | ძველი ტარიფი | ახალი ტარიფი |
„ენგურჰესი“ | 1,358 | 1,857 |
„ვარდნილჰესების კასკადი“ | 2,206 | 2,565 |
„რიონჰესი“ | 4,060 | 1,436 |
„ლაჯანურჰესი“ | 2,494 | 2,209 |
„ძევრულჰესი“ | 2,768 | 1,679 |
„გუმათჰესი“ | 4,653 | 1,986 |
ტარიფები გარანტირებული სიმძლავრის თბოსადგურებისთვის
სადგური | ახალი ტარიფი (ლარი/დღეღამეში) | ძველი ტარიფი (ლარი/დღეღამეში) |
შპს „ჯიფაუერი“ | 47.898 | 40.585 |
შპს „გარდაბნის თბოსადგური“ | 423.024 | 404.214 |
შპს „მტკვარი ენერჯი“ | 69.649 | 77.330 |
შპს GIEC - №3 ბლოკი | 21.635 | 25.159 |
შპს GIEC - №4 ბლოკი | 23.594 | 27.444 |
კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, კორომავირუსის პანდემია და ლარის კურსი სამომხმარებლო ტარიფზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„კოვიდის და კურსის გავლენა რასაკვირველია არის ნეგატიური გავლენა, ანუ ეს ტარიფზე ზეწოლას განიცდის, მაგრამ არის ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც საპირისპიროდ იმოქმედებს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე. ეს არის იგივე ენერგიის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ზოგიერთი ისეთი ინვესტიციები, რომლებიც „კოვიდის“ გამო ვერ განახორციელეს კომპანიებმა და გადავიდა მომდევნო პერიოდში“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებაზე ჯერ საუბარია ნაადრევია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ორშაბათს მიიღებს, დააზუსტა ნარმანიამ.