კომენდანტის საათმა შესაძლოა გადაიწიოს - საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. 21:00 საათის შემდეგ შეზღუდულია როგორც ავტოსანტრანსპორტო, ასევე ქვეითად გადაადგილება.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ, მიზანშეწონილი იქნება თუ არა კომენდანტის საათის 23:00 ან 00:00 საათამდე გადაწევა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ტიკარაძე: შესაძლოა, შეზღუდვები მაქსიმალურად გაფართოვდეს

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები. გამონაკლისს შეადგენს საახალწლო და საშობაო დღესასწაულები წინა დღეები - 31 დეკემბერი და 6 იანვარი.

„არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ საკომენდანტო საათი გადაიწიოს მაგალითად, 23:00 ან 00:00 საათამდე“, - განაცხადა კალაძემ.

მისი განცხადებით, საახალწლო განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება ჩართული, ხოლო ხვალიდან კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ ყველაფერი ჩამქრალი იქნება ნაძვის ხის გარდა, რომლის საზეიმო ანთება დღეს ონლაინ გაიმართა.

მისი თქმით, დედაქალაქის განათებაზე, მათ შორის საახალწლო ნაძვის ხის მორთულობაზე დაახლოებით 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება საახალწლო კონცერტებსა და ღონისძიებებს, მერის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს თბილისში კონცერტები გაიმართება, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ქართული ესტრადის ვარსკვლავებს პირდაპირ ეთერში მოუსმინოს.

გახარია: „თავი შევიკავოთ საახალწლო წვეულებებისგან“

 

ეპიდემიოლოგები ხელისუფლებას წინასაახალწლო პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ბალანსირებული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, თუ ქვეყანაში ყველა დაწესებულება და ობიექტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიხსნება, მაშინ ახალი წლის დღეებში ვირუსის გავრცელების კიდევ უფრო დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

რუსთაველის გამზირზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო >>

 ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც.